იპოთეკური სესხი – ბინის შეძენის მარტივი საშუალება

ავტორი / 6 წლის წინ / 6 კომენტარი

იპოთეკური სესხი გრძელვადიანი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეიძინოთ უძრავი ქონება – ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი და სხვა. სესხის პირობა განსხვავებულია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალის ოდენობაზე, მის საკრედიტო ისტორიასა და შესაძენი ქონების ღირებულებაზე.

იპოთეკური სესხები უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა, რაც იმას გულისხმობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მოახდინოს ქონების რეალიზაცია. ნებისმიერი საფინანსო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კრედიტის გაცემისას მოახდინოს რისკების შეფასება და ზუსტად განსაზღვროს კლიენტის გადახდისუნარიანობა. იპოთეკური სესხი გრძელვადიანი ტიპის კრედიტია. შესაბამისად, კრედიტორი ვერ ენდობა მომხმარებლის არსებულ შემოსავალს, ვინაიდან ის წლების განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. კომპანიას დამატებით სჭირდება გარანტია. სწორედ ამიტომ მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა, რათა კრედიტორმა გადაუხდელობის შემთხვევაში შეძლოს გაცემული თანხის უკან დაბრუნება.

აღნიშნული ტიპის კრედიტის აღება რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია წინასწარ გამოითვალოთ ყველა ხარჯი, დაფიქრდეთ რამდენად მოახერხებთ თანხის გადახდას. სესხის აღებისას მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით მიუდგეთ აღნიშნულ საკითხს და წინასწარ გაითვალისწინოთ ხარჯების ოდენობა, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემები.

იპოთეკური სესხი და შესაძლო ხარჯები

იპოთეკურ სესხებს თან ახლავს დამატებითი ხარჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

  • სესხის გაცემის საკომისიო – ხშირ შემთხვევაში იპოთეკურ სესხს აქვს კრედიტის გაცემის საკომისიო, რომელიც დაახლოებით 2%-ს შეადგენს. გადაამოწმეთ კრედიტორთან გექნებათ თუ არა აღნიშნული ხარჯი სესხის აღების შემთხვევაში.
  • საპროცენტო განაკვეთი – კრედიტის აღებამდე დააზუსტეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. გამოითვალეთ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა, რათა ზუსტად იცოდეთ რა ხარჯის გაღება მოგიწევთ და რამდენად შეძლებთ გადახდას.
  • საჯარო რეესტრის ხარჯი – იპოთეკური სესხის გაცემისას დაგჭირდებათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. გაარკვიეთ წინასწარ თუ რა დოკუმენტები მოითხოვება სესხის გაცემისას, რათა გაითვალისწინოთ აღნიშნული ხარჯიც.
  • კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო – გრძელვადიანი სესხებს ხშირად აქვთ კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო. ძირითადად ის 2 %-ს შეადგენს, სანამ კრედიტს წინსწრებით დაფარავთ, გაიგეთ აღნიშნული საკომისიოს შესახებ.
  • ქონების დაზღვევის ღირებულება – იპოთეკური სესხის გაფორმებისას ხშირად მოითხოვება ქონების დაზღვევა. დააზუსტეთ აქვს თუ არა აღნიშნული მოთხოვნა კომპანიას და გაარკვიეთ თუ ვინ გადაიხდის დაზღვევის თანხას.

იპოთეკური სესხის აღებამდე კარგად გაიაზრეთ თქვენი ვალდებულებები, რომელსაც იღებთ კრედიტის სანაცვლოდ. დაფიქრდით იმაზე, რომ ვალდებულების შესრულება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოგიწევთ. შესაბამისად, განსაზღვრეთ რამდენად სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავლის წყარო გაქვთ, რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეთ გადაუხდელობის შემთხვევაში. ყურადღება მიაქციეთ სესხის გაცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის საკომისიოებს. მათ შორის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, გადაუხდელობის ან დაგვიანებით დაფარვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს. კრედიტის დაფარვის გრაფიკს, სესხის ვალუტას და ვადას. იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეთ ყველა პირობა, მნიშვნელოვანია წაიკითხოთ ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერთ და წინასწარ გაითვალისწინოთ არსებული პირობები.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა