რა არის ონლაინ განვადება და რა უპირატესობით გამოირჩევა

ავტორი / 6 წლის წინ / 1 კომენტარი

დღესდღეობით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბევრმა მომსახურებამ გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში. თუ ერთ დროს შეუძლებელი იყო სასურველი ნივთის შეძენა ინტერნეტით, დღეს ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია შენაძენის გაკეთება. მაღაზიები ხშირად აწყობენ ფასდაკლებას. ამასთან, ლოიალური მომხმარებლებისთვის მოქმედებს დამატებითი ბონუსები. სწორედ ამის გამო კლიენტები ხშირად სარგებლობენ ონლაინ შოპინგით.

ინტერნეტით ანგარიშსწორების ზრდასთან ერთად, კომპანიებმა კომფორტული და მოსახერხებელი სერვისი – ონლაინ განვადება შემოიტანეს ბაზარზე. დღეს, მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ საჭირო ნივთის შეძენა განვადებით და ამისთვის არ სჭირდებათ სახლიდან გასვლა.

განვადება სამომხმარებლო ტიპის კრედიტებს განეკუთვნება, რომლის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული ნივთისა თუ საქონლის შეძენა. ეს შეიძლება იყოს ტექნიკა, ავეჯი და სხვა. საფინანსო კომპანიები ხშირად გვთავაზობენ უპროცენტო განვადებას, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა პირობა აქვს ამ სერვისს და გულისხმობს თუ არა 0%-იან საპროცენტო განაკვეთს? მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ ამ სერვისით სარგებლობისას არ უწევთ დამატებითი თანხის გადახდა, თუმცა ამავე დროს არ ითვალისწინებენ, რომ განვადებას აქვს დამატებითი ხარჯი. მაგ: თუ ნივთი ღირს 2000 ლარი და განვადების შემთხვევაში იყიდება 2150 ლარად. 150 ლარი წარმოადგენს სწორედ იმ პროცენტს, რომელსაც იღებს ბანკი. ეს ყველაფერი კი აძვირებს მომსახურებას და მომხმარებელს დამატებითი თანხის გადახდა უწევს.

განვადება თუ სამომხმარებლო კრედიტი

რა განსხვავებაა სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის და როდის უნდა ისარგებლოთ თითოეული სერვისით? განვადების დროს პირდაპირ მაღაზიაში ან ონლაინ რეჟიმში ყიდულობთ სასურველ ნივთს და ზუსტად იმ რაოდენობის თანხას იღებთ, რაც ნივთის შეძენას სჭირდება. ხოლო სამომხმარებლო სესხი შეგიძლიათ პირადი მოხმარებისათვის აიღოთ და თანხა სხვა მიზნითაც გამოიყენოთ.

განვადების დახმარებით შენაძენს სწრაფად აკეთებთ. სერვისი მოსახერხებელია მაშინ, როცა კონკრეტულ პროდუქტს ყიდულობთ. თუმცა თუ შენაძენის გაკეთების გარდა, სხვა თანხაც გჭირდებათ, ამ შემთხვევაში ეს სერვისი ვერ დაგეხმარებათ. სამომხმარებლო სესხის საშუალებით კი შეძლებთ აღებული თანხის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის. არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინეთ ხარჯების ოდენობა. გაარკვიეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი – თანხა გჭირდებათ ნივთის შესაძენად თუ პირადი მოხმარებისთვის.

სანამ რომელიმე ფინანსურ კომპანიას დაუკავშირდებით და მომსახურებით ისარგებლებთ, გაარკვიეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, გაეცანით ხელშკრულებას. მომსახურების სწორად შერჩევა დაგიზოგავთ ხარჯებს. ამასთან მარტივად შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა