რა უნდა იცოდეთ სანამ ფულს ბანკში შეინახავთ

ავტორი / 6 წლის წინ / 1 კომენტარი

სწავლის დაფინანსება, მოგზაურობა, ახალი ავტომობილის შეძენა – ადამიანები ფულს სხვადასხვა მიზნისთვის ზოგავენ. დანაზოგი გვეხმარება კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებაში. მისი საშუალებით გაცილებით მარტივია ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. როგორ უნდა დაზოგოთ თანხა და რა უნდა იცოდეთ, სანამ რომელიმე ბანკს ანდობთ ფულს?

მომხმარებელთა ნაწილი დანაზოგის გაკეთებას დაბალი შემოსავლის პირობებში ახერხებს, ნაწილი კი მაღალი ანაზღაურების შემთხვევაშიც ვერ ზოგავს თანხას. თუ თქვენ სტაბილური შემოსავალი გაქვთ, თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ფულის შეგროვება. ამაში კი ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ:

  • მიზნის განსაზღვრა – განსაზღვრეთ, რისთვის იწყებთ ფულის დაგროვებას, რა თანხა გჭირდებათ კონკრეტული მიზნის მისაღწევად. თქვენი მიზანი შესაძლოა ახალი ავტომობილის შეძენა, სწავლის საფასურის გადახდა ან მოგზაურობაა. დანაზოგით გაცილებით მარტივად შეძლებთ ჩანაფიქრის ასრულებას. ამასთან, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს გექნებათ სარეზერვო თანხა, რაც დაგეხმარებათ არსებული პრობლემის მოგვარებაში.
  • ბიუჯეტის შედგენა – შეადგინეთ ბიუჯეტი – შემოსავლის ოდენობა და ხარჯები. ჩამოწერეთ რაში ხარჯავთ თანხას, რაზე შეგიძლიათ დანახარჯის შემცირება. ამის მიხედვით მარტივად დაადგენთ თუ რამდენის გადადებას შეძლებთ ყოველთვიურად.
  • ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობა – თუ ყოველთვიურად გერიცხებათ ფული ანგარიშზე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტომატური გადარიცხის მომსახურებით და წინასწარ განსაზღვრული თანხა ანაბარზე გადარიცხოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ანაბრის გახსნისას

სასურველი ტიპის ანაბრის შესარჩევად აუცილებელია ზუსტად იცოდეთ თუ რა თანხით და ვადით იწყებთ დაგროვებას. თუ გრძელვადიანი ფინანსური მიზანი გაქვთ და ფულის შენახვა 3-24 თვემდე ვადით შეგიძლიათ, უმჯობესია ვადიანი ტიპის დეპოზიტი აირჩიოთ, რადგან მასზე საპროცენტო სარგებელი ყველაზე მაღალია. თუმცა თანხის დამატება არ ხდება.

შეგროვებადი, იგივე ზრდადი ტიპის ანაბარი საშუალებას გაძლევთ ფული ხანგძლივი პერიოდით განათავსოთ ბანკში და ამ პერიოდის მანძილზე დაამატოთ სასურველი ოდენობის თანხა.

მოთხოვნამდე ანაბარი ფულის განკარგვის თავისუფლებას გაძლევთ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაამატოთ თანხა ანგარიშზე ან გამოიტანოთ. მასზე საპროცენტო სარგებელი დაბალია და მომსახურებას ხშირად თან ახლავს დამატებითი ხარჯი. მაგ; თანხის განაღდების საკომისიო.

ნებისმიერი ტიპის დეპოზიტის გახსნისას დაადგინეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, შეადარეთ ბანკების შეთავაზებები ერთმანეთს და ისე შეარჩიეთ თქვენზე მორგებული მომსახურება. ამასთან, დააზუსტეთ თუ რა პირობა აქვს კომპანიას თანხის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში. სასურველი ტიპის ანაბრის გახსნა დაგეხმარებათ ფინანსური მიზნის მიღწევაში. მარტივად შეძლებთ თანხის დაგროვებას და მიიღებთ საპროცენტო სარგებელს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა