რა უპირატესობით გამოირჩევა დისტანციური საბანკო მომსახურებები

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

ერთ დროს ნაღდი ფულის გარეშე ანგარიშსწორება და სასურველი ნივთის შეძენა წარმოუდგენელი იყო. დღეისათვის, პლასტიკურმა ბარათებმა და დისტანციურმა საბანკო მომსახურებებმა მინიმუმამდე შეამცირეს ფულის ტარების აუცილებლობა. თუ ადრე თანხის გადასარიცხად ან კომუნალურის გადასახდელად საჭირო იყო ბანკში მისვლა, დღეს ამ ყველაფრის გაკეთება ონლაინ რეჟიმში შეიძლება. შესაბამისად, აღარ გვიწევს საფინანსო ინსტიტუტში მისვლა, რითაც ვზოგავთ დროსა და ძალისხმევას. ფინანსური ოპერაციების შესრულება ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია, ამისათვის კი საკმარისია ინტერნეტი ან მობილური ტელეფონი. რა მომსახურებებს გვთავაზობს საფინანსო სექტორი და რა უპირატესობით გამოირჩევა დისტანციური, ონლაინ სერვისები?

დისტანციური მომსახურებების საშუალებით შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების შესრულება სხვადასხვა ელექტრონული არხის გამოყენებით. დღესდღეობით, საფინანსო ინსტიტუტები შემდეგ მომსახურებებს გვთავაზობენ:

  • ინტერნეტ ბანკი – მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია თავისი საბანკო ანგარიშების მართვა და ოპერაციების შესრულება. კერძოდ; შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარ ანგარიშებზე არსებული ნაშთის შესახებ, ნახოს ამონაწერი, გადარიცხოს თანხა, შეიძინოს პროდუქტები ონლაინ, შეივსოს მობილურის ბალანსი და სხვა.
  • მობაილ ბანკი – პროდუქტი საშუალებას აძლევს კლიენტს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს თავისი საბანკო ანგარიშები. ამასთან, შეივსოს მობილურის ბალანსი, გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშებზე არსებულ თანხაზე და სხვა.
  • SMS ბანკი – სერვისის საშუალებით ხდება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება მის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ. როგორიცაა, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, გატანა, გადახდა და სხვა. სმს ბანკით შესაძლებელია მარტივი ოპერაციების შესრულებაც; მობილურის ბალანსის შევსება, ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი დაბლოკვა.
  • მუდმივი საგადახდო დავალება – მომხმარებელს ბანკში მიუსვლელად შეუძლია განახორციელოს საბანკო ოპერაციები. დაფაროს დავალიანება, დააკონვერტიროს ვალუტა, შეასრულოს გადარიცხვები.

დისტანციური საბანაკო სერვისები სისწრაფითა და მოქნილობით გამოირჩევა. მომხმარებელი ზოგავს დროს, ნებისმიერი ადგილიდან ასრულებს საჭირო გადარიცხვას, აღარ უწევს საფინანსო კომპანიაში მისვლა და ლოდინი. ამასთან, არ სჭირდება ნაღდი ფულის ტარება. ეს კი ამცირებს ფულის მოპარვის ან დაკარგვის საფრთხეს. საბანკო ბარათზე განთავსებული თანხა გაცილებით დაცულია, თუმცა გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ზომებიც. საჭიროა პინ-კოდის შენახვა უსაფრთხო ადგილას, ბარათის დაკარგვის შემთხვევაში კი მისი დაბლოკვა.

ანგარიშსწორების განხორციელება არა მარტო პლასტიკური ბარათებით, არამედ ელექტრონული ფულითაც ხდება. მისი საშუალებით შესაძლებელია გადახდების განხორციელება ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა პროდუქციის თუ მომსახურების შეძენა.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა