5 რჩევა თუ როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

მოგზაურობა სასიამოვნო ემოციებს, სიახლეებსა და თავგადასავლებს უკავშირდება. დღესდღეობით, ყველას შეუძლია დაგეგმოს დაუვიწყარი შვებულება და იმოგზაუროს საზღვარგარეთ. ეს უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი, რადგან ხელმისაწვდომია იაფი სამოგზაურო ტურები. ამასთან, ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ უფრო მარტივია ევროპის სასურველ ქვეყანაში გამგზავრება. შეღავათიანი ფასის მიუხედავად, დაუგეგმავმა ტურმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ხარჯები და რეალურად იმაზე მეტი თანხა დაგეხარჯოთ, ვიდრე ამას თქვენი ბიუჯეტი ითვალისწინებდა. როგორ უნდა დაზოგოთ თანხა მოგზაურობისას ისე, რომ შვებულების შემდეგ ფინანსური კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდეთ?

სასურველი ქვეყნის შერჩევის შემდეგ, გაეცანით ინტერნეტში ინფორმაციას ფასების, მგზავრობისა და კვების შესახებ. თუ გინდათ, რომ კონკრეტულ თანხაზე მეტი არ დაგეხარჯოთ, ნუ ისარგებლებთ საკრედიტო ბარათით, რადგან შესაძლოა ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომელიც სულაც არ გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ საკრედიტო ბარათი დამატებით ფინანსურ ვალდებულებას უკავშირდება და დახარჯული თანხის დაბრუნება მაინც მოგიწევთ. მოგზაურობისას უმჯობესია თან იქონიოთ როგორც ნაღდი ფული ასევე სადებეტო ტიპის ბარათი. ასე უფრო მარტივად შეძლებთ ხარჯების გაკონტროლებას და უსაფრთხოების დაცვას.

  • შეიძინეთ ბილეთი წინასწარ - დღესდღეობით ბაზარზე უამრავი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც შეღავათიან ფასად გვთავაზობენ ავიარეისებს. ხოლო რაც უფრო ადრე შეიძენთ მას, მით უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ როგორც ტურისტულ სააგენტოში, ასევე ონლაინ რეჟიმში. ბილეთის ყიდვისთვის საუკეთესო დროა ფრენამდე 6-8 კვირა.
  • შეადარეთ სასტუმროების ფასი – სასტუმროს შერჩევისას გაითვალისწინეთ მისი ადგილმდებარეობა. გაითვალისწინეთ თუ რამდენად ახლოს არის იმ ადგილებთან, რის მონახულებასაც აპირებთ. ასე მარტივად შეამცირებთ ტრანსპორტის ხარჯს. შეადარეთ სასტუმროების ფასი ინტერნეტით. ასევე, გახსოვდეთ, რომ თანხის დაზოგვას შეძლებთ თუ ძვირადღირებულ სასტუმროს საოჯახო ტიპის სასტუმროს ამჯობინებთ.
  • შეარჩიეთ ნაკლებად დატვირთული სეზონი – სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავდება მოთხოვნადი პერიოდებითა და ნაკლებად პოპულარული სეზონებით. ზაფხულის სეზონი და სადღესასწაულო პერიოდები სიძვირითაა ცნობილი. შეისწავლეთ ფასები სეზონების მიხედვით. შეარჩიეთ ნაკლებად დატვირთული დრო, როცა არ შეწუხდებით ხალხმრავლობითა და რიგებით.
  • აირჩიეთ არაპირდაპირი რეისი – არაპირდაპირი რეისი თანხის დაზოგვის ერთ-ერთი კარგი გზაა. თუ დისკომფორტს არ შეგიქმნით რამდენიმე აეროპორტის გავლა, შეგიძლიათ არჩევანი არაპირდაპირ რეისზე შეაჩეროთ. ამასთან, თუ რეისებს შორის ხანგძლივი დრო გექნებათ, მოინახულეთ ის ქალაქიც, სადაც აქამდე არ ყოფილხართ.
  • შეიძინეთ ტურისტული ბარათი - თუ ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას აპირებთ, ტურისტული ბარათის ყიდვას გირჩევთ, რომლის მეშვეობითაც თქვენ დაზოგავთ თანხას მუზეუმებსა და პარკებში, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას.

სასიამოვნო მოგზაურობის მოწყობაზე ზრუნვა უმჯობესია ადრე დაიწყოთ და ამისათვის ფულიც დაზოგოთ. თუ თანხის შენახვა გიჭირთ, გახსენით ანაბარი. ყოველთვიური მცირე შენატანებით მარტივად დააგროვებთ დანაზოგს. შეგიძლიათ ავტომატური გადარიცხვის სერვისით ისარგებლოთ, რათა ხელფასის ჩარიცხვისას გარკვეული ოდენობის თანხა ავტომატურად გადავიდეს თქვენს ანაბარზე. ასე უფრო მარტივად შეძლებთ საჭირო ფინანსების მოგროვებას და უზრუნველი მოგზაურობის დაგეგმას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა