როგორ შევაგროვოთ ფული ბავშვებისთვის

ავტორი / 6 წლის წინ / 12 კომენტარი

დრო, როდესაც ფულს ყულაბაში ვინახავდით წარსულში დარჩა. დღეს, ცოტა თუ მიმართავს თანხის დაგროვების ამ საშუალებას, რადგან საფინანსო სექტორი უფრო მომგებიან არჩევანს გვთავაზობს. ანაბარი თანხის დაგროვების ერთ-ერთი წყაროა, რომელიც გვეხმარება დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვასა და მეტი სარგებლის მიღებაში.

საბავშვო ანაბარი ზრდადი ტიპის დეპოზიტია, რომლის გახსნა გარკვეული თანხით ხდება და შესაძლებელია ფულის დამატება სასურველი პერიოდულობით. პროდუქტი ეხმარება მშობლებს შვილისთვის გარკვეული დანაზოგის გაკეთებაში, რასაც შემდეგ გამოიყენებენ ბავშვისთვის განათლების მისაღებად ან სხვა ნებისმიერი საჭიროებისთვის. საბავშვო ანაბრის გახსნა მინიმალური თანხით, 10 ერთეულით არის შესაძლებელი, ამასთან არ არის განსაზღვრული შენატანების ოდენობა ან გრაფიკი. მშობელს შეუძლია ბავშვის სრულწლოვანებამდე, სასურველი პერიოდულობით დაამატოს თანხა ანაბარს.

საბავშვო ანაბრის გახსნისათვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბავშვის დაბადების მოწმობა. დეპოზიტის გახსნა შეუძლია მშობელს, მეურვეს ან ნებისმიერ მესამე პირს.

საბავშვო ანაბარი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობით, სასურველ დროს; 
  • პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველწლიურად, რთული დარიცხვის მეთოდით; 
  • დარიცხული საპროცენტო სარგებლის გამოტანა უფასოა; 
  • დამატებითი შენატენების ოდენობას თავად განსაზღვრავს მომხმარებელი. შენატანების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

რა გავითვალისწინოთ ანაბრის გახსნისას

ანაბრის გახსნამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, ამისათვის საჭიროა შევამოწმოთ კომერციული ბანკების ვებგვერდი, ვნახოთ რას გვთავაზოებენ ისინი და რა თანხის დაგროვებას შევძლებთ პროდუქტით სარგებლობის შემთხვევაში. დეპოზიტის გახსნისას გასათვალისწინებელია პროცენტის დარიცხვის მეთოდიც.

პროცენტის დარიცხვის მარტივი მეთოდის დროს ანაბარს ვადის ბოლოს, ერთჯერადად ერიცხება სარგებელი. რთული მეთოდის დროს კი დეპოზიტს რამდენჯერმე შეიძლება დაერიცხოს საპროცენტო სარგებელი. ამასთან, დარიცხვა ხდება ძირ თანხასა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე.

ანაბრის გახსნისას გასათვალისწინებელია ვალუტა. იქიდან გამომდინარე, რომ საბავშვო ანაბარი გარკვეული ვადით იხსნება, დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შერჩევას. თუ დეპოზიტს ლარში გავხსნით და გრძელვადიან პერიოდში, ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, მიღებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა შემცირდება.

ასევე მნიშვნელოვანია საფინანსო ინსტიტუტის სწორად შერჩევა, განსაკუთრებით კი დეპოზიტის გახსნისას, როდესაც თანხას სხვას ვანდობთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ კომპანიის სანდოობა, მისი ცნობადობა და გვახსოვდეს, რომ მაღალი საპროცენტო სარგებლის შემოთავაზება ხშირად ფინანსურად რისკიანია.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა