როგორ უნდა ვმართოთ ოჯახის ბიუჯეტი

ავტორი / 6 წლის წინ / 9 კომენტარი

ფული არასოდეს არის საკმარისი. ადამიანის მოთხოვნილებები და ხარჯების ოდენობა შემოსავლის პარალელურად იზრდება. მიმზიდველი შეთავაზებებისა თუ ფასდაკლებების ფონზე კი მომხმარებლები ხშირად ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რაც რეალურად არ სჭირდებათ. რას ნიშნავს ოჯახის ბიუჯეტი, როგორ უნდა შევადგინოთ ის და ვმართოთ გონივრულად?

ბიუჯეტი ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. ბიუჯეტის შედგენა სასარგებლოა როგორც ოჯახისთვის, ასევე ნებისმიერი ცალკეული პირისთვის. ოჯახის ბიუჯეტის შედგენისას განიხილება შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტირება, დასვენება. ასევე, ბინის, მანქანის ხარჯები, ბანკიდან აღებული კრედიტის მომსახურებისა და დაფარვის თანხა და სხვა. 

ბიუჯეტის შედგენისას უნდა შეფასდეს შემოსავლის და გასაწევი ხარჯის ოდენობა. თუ შემოსავალი არასაკმარისი აღმოჩნდა დაგეგმილი ხარჯების დასაფარავად, უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები ან შემოსავლის გაზრდის სხვა ვარიანტი. მაგალითად: ახალ სამსახურში გადასვლა, დამატებითი სამუშაოს მოძებნა, სესხის აღება და სხვა. კრედიტის აღების შემთხვევაში საჭიროა განიხილოთ და მოიძიოთ სესხის დაფარვის წყაროები. ოჯახის წევრებთან ერთად შედგენილი ბიუჯეტი გეხმარებათ უკეთესად განკარგოს ოჯახის შემოსავალი.

ოჯახის ბიუჯეტი და მისი მართვა

  • შეადგინეთ ბიუჯეტი - შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა ზუსტად დაგანახებთ სურათს თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. გეცოდინებათ, რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი და რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ. ბევრი ვალდებულების ქონა საკუთარი ფინანსური რესურსების არასწორად განკარგვის შედეგია. სანამ კრედიტს აიღებთ, თქვენ უნდა იცოდეთ, რა თანხის გადახდა შეგიძლიათ, რათა არ აიღოთ იმაზე მეტი ფინანსური ვალდებულება, რის გასტუმრებასაც ვერ შეძლებთ.
  • განსაზღვრეთ პრიორიტეტები – სასურველი ნივთების შესაძენად თანხა არასდროს გეყოფათ. ამიტომ, უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები, რაში ვერ შეძლებთ ხარჯების შემცირებას და რაში შეძლებთ. არეგულირეთ თანხები პრიორიტეტების მიხედვით, რათა შეძლოთ აუცილებელი ვალდებულებების გასტუმრება.
  • დაზოგეთ თანხა - დაიწყეთ ფულის დაზოგვა ყულაბაში ხურდა ფულის შეგროვებით, ანაბარზე თანხის განთავსებით და ა.შ. შეგიძლიათ ფული კონკრეტული მიზნით დაზოგოთ, თუმცა, უფრო მარტივია დაისახოთ მიზანი. მაგ; მოგზაურობა, განათლების მიღება ან საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა. თანხის დაგროვება მიზნის მისაღწევად გაცილებით მარტივია. თანხის დაზოგვის ჩვევა ბავშვობიდან უნდა გამოიმუშავოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია აუხსნათ ბავშვს, რომ სასურველი ნივთის შესაძენად საჭიროა თანხა და მის შესაძენად მან პერიოდულად ყულაბაში ხურდა ფული უნდა ჩაყაროს.

ფულის დასაზოგად მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა. ეს ყველაფერი ფინანსური განათლების ნაწილია. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და გაანაწილეთ შემოსავალი გონივრულად. დანაზოგი დაგეხმარებათ არამარტო მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მარტივად მოგვარებაში, არამედ სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა