რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი

ავტორი / 4 წლის წინ / 1 კომენტარი

ნებისმიერი საფინანსო პროდუქტით სარგებლობისას არსებობს გარკვეული რისკები, რომელთა შეფასება გვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ საფრთხეები და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. სესხის აღებისას ვალუტის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირად სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რა ხარჯის გაღება დაგვჭირდება. რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს კრედიტის აღებას უცხოურ ვალუტაში?

უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი და მეტი თანხის მიღების შესაძლებლობა. დოლარში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია ლარში აღებული კრედიტის განაკვეთზე, მაგრამ ამ უპირატესობას ყოველთვის თან ახლავს სავალუტო რისკი, რომლის პროგნოზირებაც თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, ვალუტაში სესხის აღება ხელსაყრელია მათთვის, ვისაც შემოსავალი იმავე ვალუტაში აქვს. ასეთ დროს, სავალუტო რყევები არ მოახდენს გავლენას კრედიტისა და ყოველთვიური გადასახადის ღირებულებაზე. ამასთან, მომხმარებელს არ ექნება დამატებითი, ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული ხარჯი.

მომხმარებელი, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს, ხოლო კრედიტს უცხოურ ვალუტაში იღებს, კარგავს სტაბილურობას, რადგან არ იცის, მისი შემოსავლის რამდენი პროცენტი იქნება გადასახადი ყოველთვიურად სესხზე. ამასთან, რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო რთულია ამ მაჩვენებლის რეალურად პროგნოზირება. ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებისას, ბანკები კლიენტს სთავაზობენ სესხის რესტრუქტურიზაციას ლარში. თუმცა, ხშირად პირობები არ უმჯობესდება თავდაპირველ სასესხო პირობებთან შედარებით. შესაბამისად, ლარში შემოსავლის მიმღები მომხმარებლებისთვის, ყველაზე დაბალ რისკიან არჩევანს ყოველთვის ლარშივე აღებული კრედიტი წარმოადგენს.

რა რისკებს შეიცავს სესხის უცხოურ ვალუტაში აღება

  • გაცვლითი კურსი – გაცვლითი კურსის პროგნოზირება საკმაოდ რთულია, ვინაიდან ის დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და სხვა. თუ სესხს დოლარში იღებთ, მისი დაფარვა იმავე ვალუტაში მოგიწევთ. ხოლო თუ იმავე ვალუტაში თქვენი შემოსავალი საკმარისი არ იქნება სესხის დასაფარად, დაგჭირდებათ კონვერტაცია. რამდენი ლარი იქნება საჭირო დოლარის შესაძენად იმ დღეისთვის დადგენილ კურსზე იქნება დამოკიდებული. სესხის უცხოურ ვალუტაში აღება რისკიანი გადაწყვეტილებაა, თუ თქვენი შემოსავალი არაა იგივე ვალუტაში, რადგან გაცვლითი კურსი ცვალებადია. თუკი დღეს 1 დოლარის შესაძენად 2,44 ლარია საჭირო, ხვალ შესაძლოა ეს თანხა მეტი იყოს.
  • კონვერტაციის ხარჯი – თუ სესხის დასაფარად ლარს უცხოურ ვალუტაში გადაცვლით, გარკვეული ხარჯის გაღება მოგიწევთ, რადგან ვალუტის შეძენა ბანკის მიერ დადგენილი კურსით ხდება. მაგ: თუ სესხზე შესატანი თანხა ყოველთვიურად 100 $-ია, დღეს ამ თანხის შესატანად შეიძლება 244 ლარის გადახურდავება მოგიწიოთ, ერთი თვის შემდეგ 260 ლარის, ან სულაც 200 ლარის. ბოლო წლებში ლარის კურსი ვალუტებთან მიმართებაში დიდი მერყეობით ხასიათდებოდა. თუ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში გაქვთ, კურსის ცვლილება ნაკლებად შეგეხებათ. კონვერტაციის ხარჯის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იმავე ვალუტაში გქონდეთ სათანადო შემოსავალი, რა ვალუტაშიც სესხს ფარავთ.

თუ გსურთ, რომ სავალუტო რისკები დააზღვიოთ, სესხი იმავე ვალუტაში უნდა აიღოთ, რომელ ვალუტაშიც შემოსავალი გაქვთ. ამ ინფორმაციას ნებისმიერი ბანკის საკრედიტო ხელშეკრულების პირველ გვერდზე წაიკითხავთ.

როდესაც ადგილობრივი ვალუტის კურსი უცხოურ ვალუტასთან უფასურდება, იმ პირებს, ვისაც სესხები აღებული აქვთ უცხოურ ვალუტაში, სავალუტო რისკი წარმოექმნებათ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა