ფინანსური განათლება - ხარჯების შემცირების საწინდარი

ავტორი / 6 წლის წინ / 3 კომენტარი

პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების გადანაწილება, საფინანსო პროდუქტების შერჩევა - მსგავს გადაწყვეტილებებს თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ განათლებას. ის მოიცავს როგორც საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობას, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის უნარს. დაბალი ფინანსური განათლების მქონე მოქალაქეები ხშირად ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას, პროდუქტის შეძენისას არ არიან ინფორმირებულები და სარგებლობენ ძვირიანი მომსახურებებით. 

ფინანსური განათლების დონესა და ხარჯების შემცირების შესაძლებლობას პირდაპირი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს, რომელთაც შეუძლიათ საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა და აქვს ინფორმაცია სერვისების შესახებ, გაცილებით მარტივად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. მაშინ როცა, ფინანსურ ცოდნის არქონას შეუძლია დანახარჯების გაზრდა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა კრედიტზე. ამასთან, ინფორმაციის არქონისას დიდია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკი. როგორ უნდა დაგეგმოთ საკუთარი ფინანსური ცხოვრება, დაზოგოთ თანხა ხელფასიდან ხელფასამდე და გაიგოთ მეტი საბანკო სერვისების შესახებ?

  • ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა - ბიუჯეტის დაგეგმვა აუცილებელია ხარჯების სწორად განაწილებისთვის. ნებისმიერი შემოსავლის პირობებში უმჯობესია დაიწყოთ შემოსავლის გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით. ჩამოწერეთ თუ რაში ხარჯავთ თანხას, რა ტიპის ხარჯი შეგიძლიათ შეამციროთ და რა სამომავლო მიზნისთვის შეგიძლიათ თანხა გადადოთ. წინასწარ დაგეგმილი ბიუჯეტი თავიდან აგარიდებთ არასაჭირო ხარჯებს. შეამცირებთ სესხის აღების საჭიროებას და შეძლებთ ფინანსების უკეთ მართვას. 
  • საფინანსო პროდუქტების პირობების გაცნობა - ნებისმიერ ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საკრედიტო პროდუქტებზე ინდივიდუალური პირობები აქვს დაწესებული. თუ სესხის აღებას გეგმავთ ან რომელიმე მათგანის საკრედიტო ბარათით დაინტერესდით, მნიშვნელოვანია დააზუსტოთ პირობები. გაიგოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ყველა ხარჯს მოიცავს, გამოითვალოთ გადასახადი თანხის ოდენობა. შეადაროთ კომპანიების პირობები ერთმანეთს და ისე გააკეთოთ არჩევანი. ამასთან გაითვალისწინოთ თქვენი რესურსი, თუ რამდენად შეძლებთ ვალდებულების დროულად დაფარვას. 
  • დანაზოგის გაკეთება - დანაზოგის გაკეთება შესაძლებლობას მოგცემთ დაიწყოთ გრძელვადიან ფინანსურ საჭიროებებზე ზრუნვა. შეძლოთ შვებულების გატარება საზღვარგარეთ ან მანქანის შეძენა სესხის გარეშე. დანაზოგის გაკეთებით მზად იქნებით ნებისმიერი ფინანსური გამოწვევისთვის. მარტივად შეძლებთ მასთან გამკლავებას და მოულოდნელი ფინანსური სირთულის გადალახვას ვალის აღების გარეშე.

საფინანსო სექტორის ახალი გამოწვევა და მომხმარებლის არჩევანი

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საფინანსო სექტორში, გამარტივდა მომსახურებები და მათი ნაწილი ონლაინ სივრცეში გადავიდა. მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული აღმოჩნდა სერვისებით სარგებლობა ინტერნეტში. დღეს უკვე გაცილებით მარტივია ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება, გადარიცხვის ოპერაციის შესრულება ან სესხის აღება, რადგან აღარ არის საჭირო ფილიალში მისვლა, ლოდინი ან ცნობების შეგროვება.

სწრაფი სესხი კომფორტული შეთავაზება გახდა მომხმარებლისთვის, რადგან მას აღარ უწევს კომპანიაში მისვლა, დოკუმენტების შეგროვება, არ სჭირდება თავდები ან ქონებით უზრუნველყოფა. ონლაინ სესხი მცირე თანხის მარტივად მიღების ახალი შესაძლებლობა გახდა. აღნიშნულმა მომსახურებამ აქტიური კონკურენცია გაუწია საბანკო სერვისებს. რიგმა ბანკებმა ასევე შესაძლებელი გახადეს კრედიტის მიღება ონლაინ რეჟიმში. 

კონკურენციის ზრდასთან ერთად საფინანსო პროდუქტები ვითარდება და იხვეწება. ამასთან, სულ უფრო აქტიურად გვესმის სარეკლამო შეთავაზებები, რომელიც საუკეთესო პირობასა და სერვისს გვთავაზობს. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი მნიშვნელოვანია მაღალი ფინანსური განათლება, პროდუქტების პირობების ცოდნა და საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა