11 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის

ავტორი / 7 წლის წინ / 11 კომენტარი

საერთაშორისო ფულადი გზავნილები ის თანხებია, რომლებსაც მიგრანტები სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებსა და მეგობრებს უგზავნიან. ფულადი გზავნილი საგადახდო მომსახურების ისეთ სახეობას წარმოადგენს, რომლის დროსაც ერთი პირი მეორეს გარკვეული მოცულობის ფულად თანხას უგზავნის. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუმცა ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. შესაბამისად, საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც საქართველოს მოსახლეობა მრავალრიცხოვანია. რომელი ქვეყნები ლიდერობენ ამ მხრივ, რა დადებითი და უარყოფითი ასპექტები აქვს ფულად გზავნილებს?

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.9 %-ით მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 90% იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა თებერვალში. ამ მხრივ შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:

  1. რუსეთი – 30.3 მლნ აშშ დოლარი; 
  2. აშშ – 10.2 მლნ აშშ დოლარი; 
  3. საბერძნეთი – 10.1 მლნ აშშ დოლარი; 
  4. იტალია – 9.9 მლნ აშშ დოლარი; 
  5. თურქეთი – 7.6 მლნ აშშ დოლარი; 
  6. ისრაელი – 7.6 მლნ აშშ დოლარი; 
  7. ესპანეთი – 2.4 მლნ აშშ დოლარი; 
  8. გერმანია – 2.4 მლნ აშშ დოლარი; 
  9. უკრაინა – 1.9 მლნ აშშ დოლარი; 
  10. აზერბაიჯანი – 1.2 მლნ აშშ დოლარი; 
  11. გაერთიანებული სამეფო – 1.0 მლნ აშშ დოლარი.

2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის თებერვალში.

ფულადი გზავნილები როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით, ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ფულადი გზავნილების მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მრავალი ოჯახისთვის გზავნილები შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. გზავნილების დიდი რაოდენობით შემოსვლა ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას. მეორეს მხრივ, ქვეყანაში არსებულ სამუშაო ადგილების სიმცირეზე მიანიშნებს.

ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღება სპეციალური პროგრამების საშუალებით ხორციელდება. საქართველოში 20-მდე სისტემა მოქმედებს და მათი არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ფულადი გზავნილების მომსახურებით სარგებლობა ყველა კომერციულ ბანკშია შესაძლებელი. გზავნილების სერვისი ხელმისაწვდომია მიკროსაფინანსო სექტორშიც. განსაკუთრებით პოპულარულია Western Union, Zalataia Korona, Unistream.

ფულადი გზავნილების დადებითი და უარყოფითი მხარეები

შრომითი მიგრაციის ყველაზე თვალნათელი დადებითი ასპექტი მიგრანტთა ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებად ქვეყნებში ხარჯვის მოდელები შეიცვალა და დანახარჯები განათლებისა და ჯანდაცვისკენ გადავიდა, ეს ფაქტორები ხელს უწყობს ქვეყანაში განათლებული და ჯანსაღი სამუშაო ძალის შექმნას.

ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა, რომელიც ფულად გზავნილებს მოაქვს ის არის რომ, მიმღებ ოჯახებში მცირდება სამუშაოს შოვნის მცდელობა ანუ უმუშევარი ხალხი აღარ ეძებს სამუშაოს. ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება მუშაობის, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მოტივაციას ანელებს, ვინაიდან ფულადი გზავნილების უდიდესი წილი მოხმარებაზე იხარჯება, ვიდრე ეკონომიკურ წარმოებაზე.

საქართველოში ფულადი გზავნილები სამუშაოს არმქონე ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის და შემოსავლის წყაროა. ფულადი გზავნილები ეფექტიანია ადგილობრივი ეკონომიკური და ფინანსური გარემოს გასაუმჯობესებლად.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა