რა არის ფინანსური პირამიდა და როგორ უნდა ამოვიცნოთ

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღების შესაძლებლობა მიმზიდველი შეთავაზებაა მომხმარებლებისთვის. მარტივი ფულის მიღების იმედით ბევრი კლიენტი მიმართავს საფინანსო კომპანიას, ათავსებს თავის დანაზოგს და ხშირად ვეღარ ახერხებს თანხის უკან დაბრუნებას. რა უნდა ვიცოდეთ, სანამ რომელიმე კომპანიას ვანდობთ დანაზოგს, რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა და როგორ უნდა ამოვიცნოთ?

ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა პირამიდული სქემები. ბიზნესის წარმოების მსგავსი სისტემა ხშირად ხორციელდება გარკვეული საქონლის ან მომსახურების გაყიდვების გზითაც, როგორიცაა აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული საგზურები და სხვა. თუმცა, ასეთი საქონლის და მომსახურების ფასი საბაზროზე გაცილებით მაღალია. ამგვარი სქემის მიზანია წევრმა დამატებით გაყიდოს აღნიშნული საქონელი და ამ გზით სხვებიც ჩართოს სქემაში. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი ახალი წევრების ჩართვა, სახსრების მოზიდვა და არა პროდუქციის რეალიზაციით ბიზნესის განვითარებაა.

თანხის დაბანდებამდე მნიშვნელოვანია მიიღოთ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება. კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობა, რომელიც მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღებას გულისხმობს მაღალ რისკს შეიცავს.

ფინანსურ პირამიდის დამახასიათებელი ნიშნები

  • მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღება - თუ კომპანია მაღალ საპროცენტო სარგებელს გთავაზობთ, ეს რისკის შემცველია. თანაბარი კონკურენციის პირობებში, ბანკებში საპროცენტო განაკვეთი ლარში არ აჭარბებს 10-11%-ს, ხოლო ვალუტაში 2-3 %-ს. ცხადია, თუ ამაზე გაცილებით მაღალ სარგებლს გთავაზობენ, ეს რისკს უკავშირდება.
  • სქემაში ჩართვა – თუ საფინანსო ორგანიზაცია სქემაში ჩართვას და ახალი წევრების მიყვანას გთხოვთ ან პროდუქციის რეალურზე მაღალ ფასად შეძენას, ეს რისკს შეიცავს. კომპანია ახალი მონაწილეებიდან მოზიდული სახსრებით უბრუნებს მომხმარებელს თანხას. იმისათვის, რომ მან მოახერხოს აღნიშნული თანხის გაცემა, სქემაში ჩართული მომხმარებლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, თუ კომპანია სქემაში ჩართვას გთხოვთ, ეს დიდი ალბათობით ფინანსური პირამიდაა.
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმა – ფინანსური პირამიდები ძირითაადა შპს ფორმით არიან დარეგისტრირებულები. შესაძლოა ისინი შუამავლობასაც უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს.
  • გამჭვირვალობა - საფინანსო კომპანიების მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი არ არის გამჭვირვალე. არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება. კომპანების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ფინანსური მდგომარეობის გაგება კი თითქმის შეუძლებელია.
  • სარეკლამო კამპანიები – ასეთი ტიპის კომპანიები აწარმოებენ მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს ინტერნეტითა და სოციალური ქსელით.

საფინანსო კომპანია პირამიდის დროს, მომხმარებლებისგან იზიდავს თანხებს და სანაცვლოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს. მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ყოველ მომდევნო ეტაპზე სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო ვალდებულებების გასასტუმრებლად. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის ან დამატებითი თანხის მოზიდვა. ამის შედეგად კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.სანამ რომელიმე საფინანსო კომპანიას დანაზოგს მიანდობთ, გაითვალისწინეთ მისი სანდოობა, შეთავაზებული პირობა და არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა