რა დამატებითი ხარჯი გექნებათ თუ სესხის პირობას დაარღვევთ

ავტორი / 6 წლის წინ / 1 კომენტარი

საკრედიტო პროდუქტები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კრედიტი, განვადება, საკრედიტო ბარათი - მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა სერვისებით. თითოეულ მომსახურებას თავისი პირობა აქვს, იქნება ეს საპროცენტო განაკვეთი, წინსწრებით დაფარვის საკომისიო თუ პირგასამტეხლო თანხის დაგვიანებით გადახდისთვის. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის შერჩევისას და რა დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ თუ პირობას დაარღვევთ?

  • ხელშეკრულება – ნებისმიერი ტიპის საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისას თქვენ ხელს აწერთ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს სესხის პირობას და არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულებაში მოცემულია სესხის ყველა პირობა, როგორც დაფარვის ვადები, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. შესაბამისად, საკრედიტო პროდუქტით სარგებლობამდე მნიშვნელოვანია ზუსტად იცნობდეთ ხელშეკრულებას. ეს საშუალებას მოგცემთ წინასწარ განსაზღვროთ ხარჯის ოდენობა და იცოდეთ თქვენი უფლება-მოვალეობების შესახებ.
  • საპროცენტო განაკვეთი – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ყველა ხარჯს, რომლის გაღებაც დაგჭირდებათ სესხით სარგებლობის პერიოდში. ხელშეკრულების თავსართში მოცემულია ინფორმაცია ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ. ხელშეკრულების ეს ნაწილი დაგეხმარებათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან მასში მოცემულია პროდუქტის ძირითადი პირობები.
  • დამატებითი ხარჯის ოდენობა – იმ შემთხვევაში თუ სესხის პირობას დაარღვევთ, დაგვიანებით გადაიხდით პროცენტს მოგიწევთ ჯარიმის გადახდა ბანკის ან სხვა ნებისმიერი საკრედიტო კომპანიისთვის. თანხის ოდენობა დამოკიდებულია სესხის ტიპზე. არსებობს 2 ტიპის ჯარიმა; ერთჯერადი ფიქსირებული და ყოველი ვადაგადაცილებული დღის პროცენტი. დააზუსტეთ კრედიტორთან ჯარიმების ოდენობა, რათა იცოდეთ თუ რა დამატებითი თანხის გადახდა შეიძლება დაგჭირდეთ თუ სესხის პირობას დაარღვევთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან დამატებითი ხარჯები

საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისას უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯებიც. ზოგიერთი ტიპის სესხს აქვს წინასწრებით დაფარვის, გაცემის საკომისიო. ამასთან, გრძელვადიანი კრედიტის აღებისას შეიძლება საჭირო გახდეს რიგი დოკუმენტების შეგროვება, რომლის ასაღებადაც დამატებითი თანხაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს საჯარო რეესტრის ან ნოტარიუსის ხარჯი, უძრავი ქონების დაზღვევის ღირებულება და სხვა.

სესხის საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის გრაფიკი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორებზე: მომხმარებლის შემოსავლის ოდენობა, მისი სტაბილურობა, სესხის მოცულობა. თითოეულ მომსახურებას განსხვავებული პირობა აქვს. შესაბამისად, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ კომპანიების შეთავაზებებს, რათა შეარჩიოთ ისეთი სერვისი, რომელიც თქვენს მოთხოვნაზე იქნება მორგებული. დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის ქონა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს და მარტივად შეძლებთ ვალდებულების გასტუმრებას. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა