რა გავლენას ახდენს პიროვნული თვისებები ფულის დაზოგვასა და ხარჯვაზე

ავტორი / 6 წლის წინ / 18 კომენტარი

"არ მაქვს იმდენი შემოსავლი, რომ ფული დავზოგო" – ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზა ნაცნობისა თუ ახლობელი ადამიანისგან. მაშინ როცა ადამიანების ნაწილი თანხის დაზოგვას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილი დაბალი შემოსავლის პირობებშიც კი ახერხებს დანაზოგის გაკეთებას. რა ფაქტორები ახდენს გავლენას ფულის ხარჯვასა თუ დანაზოგის გაკეთებაზე? პიროვნული თვისებები, ფინანსური განათლება თუ დამოკიდებულება? თქვენი პერსონალური ტიპის დადგენა დაგეხმარებათ იმის ახსნაში თუ რატომ ვერ ახერხებთ დანაზოგის გაკეთებას.

პიროვნული თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ფულის დაზოგვაზე

ოპტიმისტი

ოპტიმისტების 2 კატეგორია არსებობს; რეალისტ-ოპტიმისტი – სიამოვნებს მიზნების დასახვა, მაგრამ მას პირველ ადგილზე არ აყენებს. იდეალისტ-ოპტიმისტი – არ იჩენს სიფრთხილეს. ფიქრობს, რომ ყოველთვის კარგად წაუვა საქმე. ოპტიმისტები ფულის დაზოგვას ვერ ახერხებენ. ამასთან, ისე იღებენ სესხს, რომ ნაკლებად ფიქრობენ გადახდის შესაძლებლობაზე. 

კონსერვატორი

კონსერვატორებს ფულის შენახვა უფრო უყვართ, ვიდრე დახარჯვა. ისინი არ იღებენ რისკიან გადაწყვეტილებებს, არ სარგებლობენ კრედიტით. კონსერვატორები არათუ ინახავენ ფულს, არამედ მისი დახარჯვაც კი ენანებათ. ამის შედეგი კი ხშირად ის არის, რომ ცხოვრებისგან ვერ იღებენ სიამოვნებას.

რისკიანი

რისკიან ადამიანებს მკვეთრად გამოხატული ფინანსური მისწრაფებები აქვთ. ისინი ისე მოქმედებენ, რომ შესაძლო შედეგებს არ ითვალისწინებენ. ამასთან, არ ელოდებიან სხვის თანხმობას. მოქმედებენ იმის რწმენით, რომ ყოველთვის კარგი შედეგი ექნებათ.

ანალიტიკოსი

მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის გამონახავენ დროს იმისათვის, რომ გადახედონ თავის ფინანსურ მდგომარეობას, განავითარონ სტრატეგია და მართონ ფული. ანალიტიკოსების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ აქვთ დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რადგან ეშინიათ არასწორი არჩევანის. მათ არ უყვართ გარისკვა. გადაწყვეტილებას დიდი ფიქრის შემდეგ იღებენ. თუმცა ხშირად მათი არჩევანი პირად ფინანსებთან დაკავშირებით არ არის საუკეთესო.

ემოციურად მფლანგველი

ასეთი ტიპის ადამიანები განიცდიან დანაშაულის გრძნობას არსებული რესურსების გამო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მემკვიდრეობით იღებენ ქონებას. ისინი ბევრ ფულს ხარჯავენ სხვებისთვის და არ მიეკუთვნებიან დამზოგველი ადამიანების კატეგორიას.

სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას არამარტო პიროვნული თვისებები, არამედ ფინანსური განათლება ახდენს. მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან, ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით, გაცილებით გონივრულ გადაწყვეტილებას იღებენ. ფინანსური განათლება ეხმარება მათ ისეთი საკითხების გაანალიზებაში, როგორიცაა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, პირადი ფინანსების დაგეგმვა და სხვა. აღნიშნული საკითხების ცოდნა კი სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა