რა უნდა გავითვალისწინოთ ანაბრის გახსნისას

ავტორი / 6 წლის წინ / 8 კომენტარი

მომავლის მატერიალური უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. სად დავაბანდოთ ფული – უძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები თუ ბანკი? რატომ უნდა გავხსნათ ანაბარი და რა სარგებელი დაგვერიცხება გარკვეული პერიოდის შემდეგ?

დღეისათვის, ყველასთვის ცნობილია, რომ ფულის სახლში შენახვას ჯობია მისი ბანკში ანაბარზე განთავსება, რადგან ასეთ შემთხვევაში მივიღებთ გარკვეულ სარგებელს. აღნიშნული სარგებელი კი დამოკიდებულია ბანკების მიერ დაწესებულ საპროცენტო განაკვეთზე. საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთისგან განსხვავდება ანაბრის ვალუტისა და ვადის მიხედვით.

ვადიანი ანაბარი წინასწარ განსაზღვრული ვადით და თანხით იხსნება, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. მასზე არ ხდება თანხის დამატება. სხვა დეპოზიტებთან შედარებით ვადიან ანაბარზე სარგებელი მაღალია. მისი გახსნა 3-დან 24 თვემდე პერიოდით შეგიძლიათ. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი მცირდება.

შეგროვებადი ანაბარი კონკრეტული ვადით იხსნება. მასზე შესაძლებელია თანხის დამატება. ვადიანი ანაბრის მსგავსად, შეგროვებადის ვადაც 3-დან 24 თვემდეა, თუმცა საპროცენტო სარგებელი მასზე ნაკლებია. ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში საპროცენტო სარგებლის ოდენობა იკლებს.

მოთხოვნამდე ანაბარი უვადო პერიოდით იხსნება. შესაძლებელია როგორც თანხის შეტანა, ასევე გამოტანა. ოპერაციების განხორციელება არ არის შეზღუდული. ზოგჯერ დაწესებულია თანხის განაღდების ლიმიტი და საკომისიო. მოთხოვნამდე ანაბარზე საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ვადიან დეპოზიტზე.

რომელ ვალუტაში ჯობია ანაბრის გახსნა

ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში – დოლარში, ევროში და სხვა. ლარში გახსნილ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია, ვიდრე ვალუტებში. შესაბამისად, ვდგებით არჩევანის წინაშე გავხსნათ დეპოზიტი ლარში, რომელიც შეიძლება გაუფასურდეს და მისმა მსყიდველობითმა უნარმა დაიკლოს, თუ ვალუტაში, რომელიც უფრო სტაბილურია.

ანაბრის გახსნისას გაითვალისწინეთ შენახვის მიზანი. თუ თანხას მხოლოდ აგროვებთ, უმჯობესია სტაბილურობაზე გააკეთოთ არჩევანი და დანაზოგი დოლარში შეინახოთ. თუ თქვენი მიზანი თანხის დამატებაა, არჩევანი შეგიძლიათ ლარზე შეაჩეროთ. დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთებისა და სხვა პირობების შემოწმება შეგიძლიათ ბანკების ვებგვერდებზე. განსაზღვრეთ დაზოგვის მიზანი და ანაბრის ტიპი სწორედ ამის მიხედვით შეარჩიეთ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

  • საფინანსო დაწესებულების სწორად შერჩევა – საფინანსო ინსტიტუტის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი ცნობადობა და სანდოობა. ამის გარდა ყურადღება მიაქციეთ სარგებლის ოდენობას. რაც უფრო მაღალ საპროცენტო სარგებელს გთავაზობენ, დაბანდება მით უფრო რისკიანია.
  • თანხის გატანის ან მომსახურების საკომისიოს გაგება – ზოგიერთი ტიპის ანაბარზე დაწესებულია თანხის გატანის ან მომსახურების საკომისიო. ძირითადად ეს მოთხოვნამდე დეპოზიტს ეხება. დააზუსტეთ კომპანიასთან ყველა დამატებითი ხარჯის შესახებ.
  • ვალუტის გონივრულად შერჩევა – ანაბრის ვალუტის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ დეპოზიტი გარკვეული ვადით იხსნება, არასწორად შერჩეულ ვალუტას შეუძლია დაზარალება, ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ვალუტის სიმყარე.

ანაბრის გახსნამდე გაესაუბრეთ კონსულტანტს. დააზუსტეთ ყველა შესაძლო ხარჯის ოდენობა და ზუსტად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. არასწორად შერჩეულ ანაბარს შეუძლია, სარგებლის შემცირება, ისევე როგორც სწორად შერჩეულ ანაბარს - მოგების გაზრდა.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა