რამდენს შეადგენს საშუალო თვიური ანაზღაურება ბიზნეს სექტორში

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024 ლარი გახდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 101,6 ლარით მეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები წამოადგინა, რომლის მიხედვით საწარმოთა საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი; 
  • საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი; 
  • მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი.

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,0% მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 11,1%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება - 8,1%-იანი წილით, მშენებლობა - 7,8%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 26,0% სხვა დარგებზე ნაწილდება.

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა და მშენებლობა. შემდეგ - ტრანსპორტი და დასაწყობები. ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33,4 პროცენტიანი წილი ეჭირა.

2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ, თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობაზე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე. "დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტია, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1765,5 მლნ. ლარი - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

ბიზნეს სექტორის ბრუნვა

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,1%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,1%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 48,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,0% - საშუალო, ხოლო 30,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,9%, საშუალოზე - 24,6%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.5%.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა