რისთვის გვჭირდება მაღალი საკრედიტო ქულა

ავტორი / 6 წლის წინ / 4 კომენტარი

ცხოვრებაში ხშირად დგება ისეთი მომენტი, როდესაც თანხა მნიშვნელოვანი მიზნისთვის გვჭირდება. ავტომობილის შეძენა, ბინის ყიდვა, რემონტი ან ავეჯის განახლება. სურვილების ჩამონათვალი შეიძლება საკმაოდ ვრცელი იყოს. მსგავსი ჩანაფიქრების შესასრულებლად საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო. ყოველთვიური აუცილებელი ხარჯების პირობებში ფულის დაზოგვა რთულია. ამასთან, საჭირო ფინანსების ერთად თავმოყრა დიდ დროს მოითხოვს. ასეთ სიტუაციაში დახმარებას გვიწევს გრძელვადიანი სესხი.

ნებისმიერი ტიპის გრძელვადიანი სესხის ასაღებად მოითხოვება მაღალი საკრედიტო რეიტინგი. კომპანიები ყურადღებას აქცევენ თუ როგორ იხდიდა მომხმარებელი არსებულ ვალდებულებებს, ფარავდა თანხას დროულად თუ ჰქონდა ვადაგადაცილებები. საკრედიტო ისტორიაში მოცემულია ყველა საჭირო ინფორმაცია; რომელი კომპანიიდან ჰქონდა აღებული სესხი კლიენტს, რა ვალუტაში, როდის დაფარა. ამის მიხედვით კრედიტორები აფასებენ რისკებს და იღებენ გადაწყვეტილებას დაუმტკიცონ თუ არა სესხი მომხმარებელს.

საკრედიტო ქულის გამოთვლისას ყურადღება ექცევა შემდეგ ფაქტორებს:

  • გადახდების ისტორია – დროულად დაფარეთ სესხი თუ გქონდათ ვადაგადაცილება. 
  • მიმდინარე ვალდებულებები – რამდენი გაქვთ მიმდინარე დავალიანება და რა დრო გჭირდებათ მის დასაფარად. 
  • საკრედიტო პროდუქტების მოხმარების ხანგძლივობა - რა პერიოდის მანძილზე გქონდათ სხვადასხვა ვალდებულება. 
  • ახალი სესხები – ბოლო ორი წლის მანძილზე აიღეთ თუ არა კრედიტი ან შეავსეთ თუ არა სესხის განაცხადი. 
  • კრედიტის ტიპები – ყველა ტიპის სესხი რაც გქონიათ: საკრედიტო ბარათი, ავტო, სამომხმარებლო, სტუდენტური სესხი.

საკრედიტო პროდუქტების გონივრულად გამოყენება ხარჯების შემცირების წინაპირობაა. ამასთან, პასუხისმგებლობით სესხება გეხმარებათ მაღალი საკრედიტო რეიტინგის შექმნასა და კრედიტის უკეთესი პირობით აღებაში.

როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო ქულა

საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამისათვის კი მნიშვნელოვანია დროულად გადაიხადოთ სესხის პროცენტი და დაფაროთ მიმდინარე ვალდებულებები. სესხის აღებამდე გაარკვიეთ პროდუქტის პირობა, საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, დამატებითი ხარჯები. გამოთვალეთ რამდენის გადახდა დაგჭირდებათ და დაფიქრდით რამდენად გაწვდებით თქვენი შემოსავლის პირობებში ამ ხარჯს.

უარყოფითად ითვლება სესხი, როდესაც მასზე ფიქსირდება ფიზიკური პირის შემთხვევაში 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილება, ხოლო იურიდიული პირის დროს 60 დღეზე მეტი. დადებითი საკრედიტო ისტორიის დროს, ინფორმაცია 7 წლის განმავლობაში ინახება, ხოლო უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს, სესხის დახურვიდან 5 წლის მანძილზე.

დადებითი საკრედიტო ისტორია გაგიმარტივებთ სესხის აღებას. დაიწყეთ საკრედიტო რეიტინგზე ზრუნვა ახალგაზრდობიდან და გამოიმუშავეთ ფულის გონივრულად მოხმარების ჩვევები. თუ უარყოფითი რეიტინგი გაქვთ, ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა გამოასწოროთ. ამისათვის კი მნიშვნელოვანია სესხის დროულად გადახდა და მიმდინარე ვალდებულებების შემცირება.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა