როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი

ავტორი / 7 წლის წინ / 20 კომენტარი

საფინანსო კომპანიებისთვის სესხის გაცემისას მნიშვნელოვანია რისკების სწორად შეფასება და მომხმარებლის გადახდისუნარიანობის დადგენა. სწორედ ამის გამო, ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეცნობიან კლიენტების საკრედიტო ისტორიას და კრედიტს ამის მიხედვით ამტკიცებენ. რას ნიშნავს საკრედიტო რეიტინგი, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ?

თუკი ოდესმე გისარგებლიათ საკრედიტო პროდუქტით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გადახდების ისტორია წარმოდგენილია კრედიტინფო საქართველოს მონაცემებში და კრედიტორებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიიდან გქონდათ აღებული კრედიტი, როდის დაფარეთ, რომელ ვალუტაში გქონდათ ვალდებულება. საკრედიტო ისტორიას თითქმის ყველა კომპანია იყენებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუ არ გქონიათ ვადაგადაცილება, თქვენი რეიტინგი პოზიტიური იქნება, ხოლო თუ სესხს დაგვიანებით ფარავდით – უარყოფითი. საკრედიტო ისტორია შეიცავს ინფორმაციას მიმდინარე და დახურული სესხების შესახებ. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს, ინფორმაცია სესხის დახურვიდან 5 წლის განმავლობაში ინახება. ხოლო უარყოფითად ითვლება კრედიტი, როცა მასზე დაფიქსირებულია 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება ფიზიკური პირის და 60 დღეზე მეტი იურიდიული პირის შემთხვევაში. პოზიტიური ინფორმაცია 7 წლის განმავლობაში ინახება.

როგორ განისაზღვრება საკრედიტო ქულა, იგივე „სქორი“

საკრედიტო ისტორიის მონაცემები მუშავდება სტატისტიკურად და ამის მიხედვით გამოითვლება საკრედიტო ქულა, რომელიც იძლევა გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ქულა 0-დან 400-მდე მერყეობს. მისი საშუალებით კომპანიები მარტივად საზღვრავენ რისკებს და ადგენენ თუ რამდენად მოსალოდნელია კრედიტის დროული გადახდა დამტკიცების შემთხვევაში. თუ მომხმარებლის რეიტინგი 330-400 ქულამდეა, ის A რეიგინგში ხვდება, რაც დაბალი რისკს გამოხატავს. რაც უფრო დაბალია ქულა, გადაუხდელობის რისკიც იზრდება.

საკრედიტო ქულა განისაზღვრება ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა ვალდებულებების მოცულობა, პროდუქტების მოხმარების სიხშირე და ხანგძლივობა. საკრედიტო ქულაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გადახდების ისტორია, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი აჩვენებს თუ რამდენად დროულად ფარავდა მომხმარებელი კრედიტს. მაღალი ქულა სესხის დამტკიცების გარანტიაა. ამასთან, მაღალი ქულის დროს, სესხის საუკეთესო პირობით აღების ალბათობა იზრდება. 

როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია

მაღალი საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვანია სესხის დამტკიცებისთვის. თუკი თქვენ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, დროა დაიწყოთ მის გაუმჯობესებაზე ფიქრი.

  • დროულად გადაიხადეთ სესხის პროცენტი – დაგვიანებული გადახდები წარმოადგენს ნეგატიურ ინფორმაციას თქვენს საკრედიტო ისტორიაში. თუკი დროულად, ვადაგადაცილების გარეშე დაფარვათ სესხს, თქვენ მიმდინარე დავალიანება არ გექნებათ. რაც დადებითაც აისახება კრედიტის დამტკიცებაზე. 
  • ახალი კრედიტი მხოლოდ მაშინ აიღეთ, როდესაც თანხა აუცილებლად გჭირდებათ – ახალი სესხის აღებისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ მიმდინარე ვალდებულებები, თქვენი შესაძლებლობები და მხოლოდ გამოუვალი სიტუაციის დროს მოითხოვეთ სესხი. 
  • დროულად დახურეთ კრედიტები – საკრედიტო კომპანიებს შეუძლიათ დახურული სესხების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად დახუროთ სესხები.

საფინანსო კომპანიები სესხის დამტკიცებისას ეცნობიან თქვენს საკრედიტო რეიტინგს. ამის გარდა, ითვალისწინებენ შემოსავლის წყაროსა და ოდენობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ იზრუნოთ დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაზე, რათა მომავალში პრობლემა არ შეგექმნათ სესხის აღებისას. გააუმჯობესეთ თქვენი რეიტინგი, მართეთ საკრედიტო ისტორია გონივრულად და გაზარდეთ სესხის დამტკიცების შანსი.

კომენტარი

ruso : 7 წლის წინ

aranairi dargveva da gadacileba ara maqvs magram ramodenime kompania mainc uars ambobs miuxedavad imisa ro mati klienti viyavi