როგორ შევარჩიოთ სწორად საბანკო პროდუქტის ვალუტა

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

კომერციული ბანკები სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს გვთავაზობენ. მათ შორისაა პლასტიკური ბარათი, მიმდინარე ანგარიში, ანაბარი, სესხი და სხვა. მომსახურებით სარგებლობისას ჩვენ გარკვეულ არჩევანს ვაკეთებთ, ვირჩევთ მისაღებ სერვისს და ვალუტას. რა სავალუტო რისკები არსებობს და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად საბანკო პროდუქტის ვალუტა?

ანაბრები და სავალუტო რისკები

ანაბარი ეს არის თანხა, რომელსაც ვათავსებთ ბანკში გარკვეული პერიოდით, სარგებლის მიღების მიზნით. მისი საშუალებით ვაკეთებთ დანაზოგს, ვიღებთ სარგებელს პროცენტის სახით, ვინახავთ თანხას უსაფრთხოდ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია კუთვნილი თანხის უკან გამოტანა. ვადიან ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი მაღალია, რადგან ფულს წინასწარ განსაზღვრული პერიოდით ვათავსებთ ბანკში, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კი სარგებელი მცირდება. მოთხოვნამდე ანაბარი უვადოდ იხსნება, თუმცა მას თან ახლავს გარკვეული ხარჯიც. ეს შეიძლება იყოს თანხის განაღდების საკომისიო. ამ ტიპის ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი დაბალია.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და ფუნტში. ეროვნულ ვალუტაში გახსნილ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი მაღალია. შესაბამისად, ხშირად სწორედ მასზე ვაკეთებთ არჩევანს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, მისი მსყიდველობითი უნარი დაიკლებს, რაც მიღებული სარგებლის ოდენობას შეამცირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ანაბრის გახსნისას გავითვალისწინოთ ვალუტის სტაბილურობაც. როგორ უნდა გამოვთვალოთ ანაბრის საპროცენტო სარგებელი? მაგ: ბანკში ანაბარზე განვათავსეთ 4 000 ლარი 6 თვის ვადით, ანაბრის წლიური სარგებელია 10%. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ბანკი დაგვირიცხავს სარგებელს 4 000 X 10% = 400 ლარს, მაგრამ რადგან ანაბარი იყო 6 თვიანი, ვადის ბოლოს მივიღებთ აღნიშნული თანხის ნახევარს, ანუ 200 ლარს, ჯამში 4 200 ლარს.

სესხები და სავალუტო რისკები

კრედიტი ეს არის თანხა, რომელსაც ბანკი გადმოგვცემს დროებით, იმ პირობით, რომ ვადის ბოლოს სრულად დავაბრუნებთ თანხას დარიცხულ პროცენტთან ერთად. სესხის აღება უცხოურ ვალუტაში ფინანსურად რისკიანია. თუკი შემოსავალი ლარში გვაქვს და კრედიტს სხვა ვალუტაში ვიხდით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა გადასახადი თანხის ოდენობა ლარში მნიშვნელოვნად გაზარდოს. ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურების შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მაღალი იქნება. უცხოური ვალუტით კრედიტის აღების დროს, თუ მომხმარებელს ხელფასი ეროვნულ ვალუტაში აქვს, ის სავალუტო რისკის წინაშე დგება.

მაგალითად: ავიღეთ სესხი აშშ დოლარში და ყოველთვიურად ვიხდით 150 დოლარს. ხოლო ხელფასს ვიღებთ ეროვნულ ვალუტაში – ლარში. როდესაც დოლარის გაცვლითი კურსი მატულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი დოლარის შესაძენად უფრო მეტი ლარის გადახდა გვიწევს. შესაბამისად, იზრდება ჩვენი ხარჯის ოდენობა.

ანაბრებისა და კრედიტების გარდა კომერციული ბანკები გვთავაზობენ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სადებეტო და საკრედიტო ბარათები, სწრაფი ფულადი გზავნილები, თანხის კონვერტაცია, გადარიცხვები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში და სხვა. საბანკო პროდუქტების პირობების ცოდნა გონივრული არჩევანის გაკეთების წინაპირობაა, რაც ზოგავს ჩვენს დროსა და ფინანსებს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა