ვადაგადაცილებული სესხები - როგორ ავირიდოთ თავიდან ქონების დაკარგვა

ავტორი / 6 წლის წინ / 27 კომენტარი

„ბანკიდან მირეკავენ, სესხის გადახდას მთხოვენ, მემუქრებიან“ – ასეთი ფრაზები ხშირად გვესმის. მსესხებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ვადაგადაცილებული სესხები კი ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება. მომხმარებლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან რა უფლება-მოვალეობები აქვთ და როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუკი საფინანსო კომპანია მისი ქონების რეალიზაციას დაიწყებს. რას ნიშნავს პრობლემური სესხი, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ქონების დაკარგვა?

სესხი პრობლემურად ითვლება მაშინ, როდესაც პროცენტის ან ძირითადი თანხის გადახდა 90 დღით ან მეტი ხნით გვიანდება ან ხდება საპროცენტო განაკვეთის კაპიტალიზება, რეფინანსირება. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კრედიტი შეიძლება პრობლემურად ჩაითვალოს. პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს სესხი მსესხებლის ფინანსური მდგომარეობიდან ან სხვა მიზეზიდან გამომდინარე. კომერციული ბანკები თითოეულ სესხს ანიჭებენ თავის კატეგორიას. ეს შეიძლება იყოს; სტანდარტული, საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო სესხი.

აღსრულების პროცედურას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. სწორედ ის უწევს ადმინისტრირებას მოვალეთა რეესტრს, რომელიც აერთიანებს ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ მონაცემებს. მომხმარებლის მოვალეთა რეესტრში შეტანა ხდება მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სააღსრულებლო წარმოება დაიწყება. თუ პირი შეყვანილია მოვალეთა რეესტრში, მას არ შეუძლია უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვა ან სხვისთვის გადაცემა.

ვადაგადაცილებული სესხები და მისი გამომწვევი მიზეზები

პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდა გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სიღარიბის დონე, შემოსავლების უთანასწორობა, რისკების არასწორი შეფასება და სხვა. გაზრდილი უმუშევრობა აუარესებს პირის გადამხდელუნარიანობას. სესხის გადაუხდელობის მიზეზი შეიძლება გახდეს გაცვლითი კურსი. თუ მომხმარებელს კრედიტი აღებული აქვს დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში აქვს, ეს ფაქტი მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკის წინაშე აყენებს. ლარის შესაძლო გაუფასურება ზრდის უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ფასს და ხშირ შემთხვევაში ართულებს თანხის გადახდას.

სესხის გაპრობლემების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს;

  • ინფორმაციის ნაკლებობა - კლიენტებს ხშირად არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საკრედიტო პროდუქტების პირობებზე და იღებენ კრედიტს, მაშინ როდესაც არ შეუძლიათ მისი დაფარვა. 
  • ბევრი ვალდებულება – ჭარბი ვალი ერთ-ერთი მიზეზია სესხის გადაუხდელობის. მომხარებელი ასეთ დროს ვეღარ ახერხებს ყველა ვალდებულების დაფარვას და არსებული კრედიტის დასაფარად ახალ სესხს იღებს.

სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდექით. ვალის აღებამდე დააზუსტეთ კომპანიის პირობა; საპროცენტო განაკვეთი და გადასახადი თანხის ოდენობა. თქვენი უფლება-მოვალეობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს. განსაკუთრებული ყურადღება გმართებს უზრუნველყოფილი სესხის აღებისას. გამოითვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა და დაფიქრდით როგორ შეძლებთ ვალდებულებასთან გამკლავებას. პასუხისმგებლობით სესხება დაგეხმარებათ თანხის დროულად გადახდასა და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაში.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა